saqarTvelos mRvimeebi - nafras mRvime

კოორდინატები 43°18`19` ჩ. გ. 40°31`48` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2355 მ
სიგრძე 3520 მ
სიღრმე 970 მ
აღმოჩენის წელი 1980
სირთულის კატეგორია 5ბ
ამგებელი ქანები კირქვა

 

კარსტული უფსკრული საქართველოში, აფხაზეთის ა/რ-ში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მასივის დასავლეთ ნაწილში, მწვერვალ ნაფრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზე. უფსკრული ჩასახულია ზედა იურისა და ქვედა ცარცის ძლიერ დამსხვრეულ და დანაპრალებულ ქანებში, მასში ჩასასვლელი, მწვერვალ ნაფრიდან 20-ოდე მ-ის მოშორებით, ძაბრის ფსკერზე იხსნება. მღვიმის ჯამური სიგრძეა 3520 მ, სიღრმე 970 მ.

გენეტიკურად ნაფრა კოროზიულ-ეროზიული კლასის მღვიმეს მიეკუთვნება. მორფოლოგიურად წარმოადგენს ჭების სერიას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანის სიღრმეა 65 მ. ჭები მცირე სუბჰორიზონტალურ შესასვლელებს ენაცვლება. 630 მ სიღრმიდან დაწყებული მღვიმეში გასასვლელი გზა მიუყვება ჩანაქცევს 200 მ-იანი ვერტიკალური ამპლიტუდით. ფსკერული ნაწილი წარმოადგენს მნიშვნელოვანი მიწისქვეშა ნაკადის მოქმედ კალაპოტს. ფსკერულ ნაწილშია ორი გრიფონი. აქვე მდებარეობს ჩანჩქერი, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 10 მ და აღმავალი ტოტი.

მღვიმის ზედა ნაწილი კასკადური ტიპისაა. ცალკეული შიგა ჭების სიღრმე, რომელთა ფსკერი მოფენილია ნგრეული მასალით, 15-30 მ ფარგლებში მერყეობს. აშკარად ჩანს: უფსკრულის ძირითადი მაგისტრალი, რომელიც ძლიერ დანაპრალებულ და დამსხვრეულ ზონას გასდევს. ასეა თითქმის 400 მ-მდე; შემდეგ იწყება საკმაოდ გრძელი დერეფანი გამდინარე ტბების სისტემით. იგი თანდათან ვიწროვდება და ბოლოს ერთბაშად აწყდება 45 მ სიღრმის ჭას; შემდგომ გაგრძელებას ქმნის კვლავ დახრილფსკერიანი, კასკადისებური დერეფანი, რომელშიც წყალმცირობისას ნაკადის ხარჯი აღწევს 100-130 ლ/წმ-ში. მღვიმის შორეული, საკმაოდ ვრცელი და გრძელი დერეფანი ებმის ოვალური ფორმის მოზრდილ დარბაზს. 970 მ სიღრმეზე ნაკადი ნაზვავით ამოქოლილ კლდოვან ნაპრალში იფილტრება.

ნაფრაში უფართოესი გავრცელება აქვს სეისმო-გრავიტაციულ ნაფენებს - უმთავრესად ნაზვავებისა და ნაყარების სახით. ქიმიური წარმონაქმნები ზედა მშრალ დერეფნებშია შემონახული. ეს წარმონაქმნებია: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები და სხვა. „კიბოს ჭის“ კედლებზე აღსანიშნავია 30 სმ-მდე სიგრძის კალციტის დენდრიტული ნაზარდები. უფსკრულის ღრმა ნაწილისათვის დამახასიათებელია სიფონური და ნახევრად სიფონური დერეფნები, რომელთა კვლევაში მონაწილეობდა გამოცდილი სპელეოაკვანავტთა ჯგუფი პეტრე მინენკოვის ხელმძღვანელობით.

კარსტული უფსკრული ნაფრა აღმოაჩინა კრასნოიარსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ექსპედიციამ ზახარ ზალიევის ხელმძღვანელობით 1980 წლის აგვისტოში. იმთავითვე შეაღწიეს 180 მ სიღრმემდე. აგვისტოს ბოლოს ექსპედიცია შეცვალა კრასნოიარსკის სპელეოლოგთა კლუბის მოიერიშე განყოფილებამ ვიქტორ მელნიკოვის ხელმძღვანელობით.

ნაფრა განსაკურებულ ყურადღებას იპყრობს იმით, რომ იგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კარსტული მიწისქვეშა ჰიდროსისტემის ნაწილი. წყლის შეფერილობით დამტკიცებულია კავშირი ნაფრასა და მჭიშთას შორის. ნაფრის შესასვლელი განლაგებულია ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზე, ჰიდროსისტემის ქვედა წერტილი ზღვის დონიდან −32 მ სიმაღლეზეა, რაც იძლევა 2382 მ-იან ამპლიტუდას. ნაფრა მიჩნეულია რთულ მღვიმედ და მიეკუთვნება სირთულის 5ბ კატეგორიას. ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოცდილი სპელეოლოგებისათვის. ექსპედიციის დროა ივლისი-მარტი.